X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

გიორგი კობერიძე წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდsa

15 აპრილი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი გიორგი შონია წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული Result-Based Lending (RBL) პროგრამის ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საპროექტო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას, პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებასა და დადგენილი ტექნიკური სტანდარტების სრულყოფილად დაცვას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებაში საპროექტო კომპანიების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხარისხიანი და მაღალი პროფესიული სტანდარტით შესრულებული პროექტირება ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, დარგის მდგრადი განვითარებისთვის პრიორიტეტულია პროექტირების პროცესში ერთიანი მიდგომისა და მეთოდოლოგიის დანერგვა. მისივე შეფასებით, აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს პროექტირების ხარისხის ამაღლებას, ტექნიკური ხარვეზების შემცირებასა და სამუშაო პროცესების უფრო ეფექტიან მართვას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმსჯელეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და სტრატეგიულ მიდგომებზე, რომლებიც აუცილებელია არსებული გამოწვევების დროულად გადასაჭრელად და სექტორში კოორდინაციის მექანიზმების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

Result-Based Lending (RBL) აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმია, რომლის ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით, წყალმომარაგების სექტორისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ ლოკაციაზე 400 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი სტანდარტის შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.